ხევსურები "წელწადს” დიდი სამზადისით ეგებებიან. წინა დღით სახლსა და მის კარმიდამოს ასუფთავებენ და ყველანი ახალი ტალავარით იმოსებიან. ოჯახებში საახალწლოდ არაყს ხდიან და ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ერთს დიდ სამეკვლეო კვერს აცხობენ, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისთვის აცხობს ბედობის კვერებს: თითოეულ ბედისკვერს თავისი ნიშანი აზის და, გამოცხობის დროს ვისიც უფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.
ახალწლის საღამოს ოჯახიდან ხატში გზავნიან მეკვლეს, რომელსაც მიაქვს არაყი და წულის სანთლები, რამდენიც ოჯახში ქუდოსანია. მეკვლეს დაბრუნებამდე ოჯახიდან არავინ გავა.ხატში მისულ მეკვლეს ასე მიესალმებიან: "მოგვიხვედ მშვოდობითა, ბევრ ამას ახალ წელსამც ილოცავო, ერთს ამასაო, ათი ათას სხვასაო, პურიანსაო, წულიანსაო, სახელ-სარგებლიანსო”. მეკვლე დარბაზში შედის და ღამე იქ რჩება. აქ ხუცი მეკვლეების მიტანილ არაყს სინჯავს და, ვისიც თავი არაყია, მას მეკვლე სანამეტნაოდ აწყალობებს.
გათენებისას ხუცი კვალის დასაჭერად დარბაზიდან კარში გადის, შემოიტანს თოვლს. ყველანი ფეხზე დგებიან, ხუცი მათ თოვლს გადააყრის და იტყვის: "ესრ თეთრად აყვავდით! წელიმც კაისა გამოგეცვლებისთ, პურიან-წულიანი, სახელ-სარგებლიანი, მშვიდობის და კარგად ყოფისა!” ამაზე დარბაზში მყოფნი უპასუხებენ: ” აგრემც შენ გამოგეწვლების ბევრი ახალი წელი, მშვიდობისა, კარგა ყოფნისა, პურიან წუვლიანი!” ყველანი ერთმანეთს დალოცავენ და არრაყს შესვამენ. მზის ამოსვლისას ხუცი დარბაზიდან ისევ გავა და დილის ზარს დარეკავს. დარბაზში მყოფი მეკვლენი გამწკრივდებიან, წილს ყრიან და, ვისაც წილი ერგება, პირველად ის გამოვა და სხვები მას რიგით მოჰყვებიან. დარბაზის გარეთ ლუდიანი ქვაბი დგას და ხუცი იხუცებს; შემდეგ ხუცი მეკვლეებს თითო თას ლუდს შეასმევს და ბოთლებში საფუარ ლუდს ჩაუსხამს: ამის შემდეგ ყველანი თავიანთ ოჯახებში ბრუნდებიან. ხატიდან დაბრუნებულ მეკვლეს სახლის კარებში დიასახლისი მიეგებება, მა სხმის გაუცემლად საფუარს ჩამოართმევს და სამეკვლეო კვერს გადასცემს; ამ კვერს მეკვლე სამჯერ სახლში შეაგორებს და იტყვის: "ჩემიმც კვალ კაზე დაგიჯდებისთ! პურიანი, წულიანი, სახელ-სარგებლიანი, ერთ ეს წელი, ათიათას სხვაი, კაგად ყოფისა, კაცისა და საქონიასაი!” თუ კვერი ჯვარწაღმა დაეცა, ეს კარგი ნიშანია, თუ არადა ცუდია. ამ პურს დიასახლისი აიღებს და ცალკე შეინახავს. მეკვლე კერასთან მივა, მუგუზალს შეუჩინხლებს და, ნაპერწკლები რომ გასცვივა, ადამიანისა და საქონლის გამრავლებაზე დაილოცება, ბოლოს მეკვლე პირში საფუარს ჩაიყენებს, მას მას ადამიანსა და საქონელს შეასხამს და იტყვის: ” აგრემც ახყვავდებით, აგრემც ახფუვდებით!” ყველას თავიანთ ბედის კვერებსაც დაურიგებენ. ამის შემდეგ შინაურებისთვის კარები ღიაა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ კარში გამოსვლა, მაგრამ მესამე დღემდე მეზობლებთან მაინც ვერ მივლენ. მხოლოდ მეგობრის მოკითხვა შეიძლება. ამ მიზნით ოჯახის პატრონი მოიკაზმება ახალი ტალავარით, ხანჯლით, საცერულს თითზე იკეთებს, აიღებს არაყს და მივა მეგობრის ოჯახში. ის კარებს დაუკაკუნებს, მასპინძელი კარებშივე მიეგებება და ახალწლის მილოცვის შემდეგ იქვე სუფრას დაუდგამს. შინ კი ვერ შევლენ.