აქ არც ნაძვის ხეს დგამენ და არც ახალი წელია განსაკუთრებული
დღესასწაული. დიდი-დიდი ჩინურ ფეიერვერკს თუ გაუშვებს ვინმე. უფრო შობის
დღესასწაულს ზეიმობენ. მთელი ღამე ეკლესიაში ლოცულობენ. ეთიოპიელები ღრმად
მორწმუნე მართლმადიდებლები არიან. აქსუმში (რაც საბანაო ადგილს ნიშნავს)
3000 წლის წინანდელი უზარმაზარი 21-მეტრიანი გრანიტის სტელაა. არადა, 2500
კილომეტრის რადიუსში გრანიტი საერთოდ არ მოიპოვება.
მეორე, 23-მეტრიანი სტელა იტალიელებმა წაიღეს, მაგრამ მთლიანად გატანა
ვერ მოახერხეს, გაჭრეს და ისე წაიღეს რომში; მესამე, ყველაზე მაღალი,
470-ტონიანი სტელა დადგმისას წაჰქცევიათ და დღემდე იქვე სამ ნაწილად
გახლეჩილი აგდია. ლეგენდის თანახმად, საბაელთა დედოფლისა და ბიბლიური მეფე
სოლომონის შვილი მენელიკ I იმ არემარის პირველი იმპერატორი გახდა.
16 წლის ისრაელში წავიდა მამის სანახავად. სოლომონმა ვაჟს აჩუქა
მორწმუნეთა თაღი, რომელზეც ამოკვეთილი იყო ათი მცნება. აქსუმში ამ
სტელებთან ახლოს წმინდა მარიამის პატარა მონასტერია. როგორც ამბობენ, თაღი
იქ არის დასვენებული, მაგრამ თვალით არავის უნახავს, გარდა იმ ერთადერთი
ბერისა, რომელიც იქაურობას უვლის. მონასტერში ამ ბერის გარდა, სხვას არავის
აქვს ფეხის შედგმის უფლება. როცა ბერი სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს,
თავადვე იწყებს მთელ მსოფლიოში წმინდა მართლმადიდებელი ბერის ძებნას, რათა
მარიამის ეკლესია ჩააბაროს.
ეთიოპიელების დღესასწაული ლოცვაა. სადღესასწაულო სუფრა? ვერ ვიხსენებ, ასეთი ტრადიცია თუ აქვთ.
ყველაფერს ჭამენ, ვირთხებსაც კი. ახალჩასული ვიყავი გაბონში, კატა
შევნიშნე. მეორე დღეს მოვიკითხე, სად არის-მეთქი. შეჭამესო… სპილო, ნიანგი,
მაიმუნი… ყველაფერი იჭმება(!*).
ვინც მკვდარი მაიმუნის, ნიანგის ყიდვას ახერხებს, შეძლებულ კაცად
ითვლება. გზის პირებზე დაინახავთ გასაყიდად ჩამოკიდებულ მკვდარ მაიმუნს,
გაკოჭილ ნიანგს, ჯოხზე გადაკიდებულ გველსა და ერთ-ორ სიმინდის ტაროს.
ცოცხალ კაიმანს იყიდიან და მერე შინ კლავენ. პირველად გაკოჭილი და ტაშტში
ჩასმული კაიმანი რომ დავინახე, გამიკვირდა, რა არის-მეთქი? უნდა დავკლათ და
შევჭამოთო, ამიხსნეს. სხვათა შორის, ნიანგის წვნიანი ძალიან გემრიელია.
სადღესასწაულო კერძად ითვლება ლუდში ჩაშუშული ანაკონდა და ბოა, კობრი
შოკოლადში.
ისე, მხიარულება არ აკლიათ აფრიკელებს. მაგალითად, ქორწილი ერთკვირიანი
იციან (ცოლის შესართავად აუცილებელი პირობაა ჩუკუდუს ყოლა. ჩუკუდუ ხის
ველოსიპედია; თუ არ გყავს, ქალს არ მოგათხოვებენ), თავიდან ვფიქრობდი,
საჭმელ-სასმელი არა აქვთ და ამდენი ენერგია საიდან-მეთქი. თურმე დაფხვნილ
ებორას ჭამენ. ებორა ხეა, ჰალუცინოგენი. შეჭამენ ერთ კოვზს და ილხენენ.
სასმელიც უყვართ ძალიან.
ერთხელ ლუდის ქარხანა გაჩერდა და ისეთი ამბავი ატყდა, კამერუნიდან და
კონგო-ბრაზავილიდან ძლივს მოასწრეს ლუდის შემოტანა, თორემ რევოლუცია
გარდაუვალი იყო. ხალხს არ ადარდებს სიღარიბე, არ აწუხებს, ჩაუჭრიან თუ არა
შუქს. აი, ლუდი და სასმელი რომ შემოაკლდეთ, ქვეყანას ნაცარტუტად აქცევენ.
საღამოს გამოთრობა და ცეკვა ჩვეულებრივი ამბავია. თუ ლუდი არა აქვთ,
ბანანის ღვინოს სვამენ.
|