მოგეხსენებათ, რომ ახალი წელი კარგი საშუალებაა "ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად". ამიტომ ყველა ცდილობს, ახალი წლის დღეებში ცუდზე ნაკლები იფიქროს და კამპანიისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიოს, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.
ტრადიციულად, ამ დღესასწაულის შინაარსიც სწორედ რამდენიმე სუფრის შემოვლასა და ახლობელი ოჯახების მილოცვა-დალოცვაში მდგომარეობს, რაც გარკვეული წესრიგის დამყარებას მოითხოვს.
წესრიგი კი მარტივად მყარდება, ტრადიციების მიმდევარი ადამიანები ღამის 12 საათს საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ხვდებიან, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება. თუმცა მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი.
მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია - ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას. მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება (როგორც ბევრს ჰგონია).
თვითონ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, მეკვლემ ოჯახისკენ მიმავალი გზა უნდა გაკვალოს. თუმცა კვალიც არის და კვალიც, და ეს კვალი, პირველ რიგში, "ფეხზეა" დამოკიდებული.
ქართველი კაცი, უცხო ოჯახში რომ შედის, კეთილი იყოს ჩემი ფეხიო, ამბობს. უცხო ფეხის შემოდგმას ოჯახში სიმბოლური დატვირთვა აქვს და "კეთილი და ბოროტი" ფეხის ცრუ რწმენა ჩვენში მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ღირსეულ ოჯახს სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღია უნდა ჰქონდეს, საახალწლო სტუმარს არა რაღაც "სასურველი", არამედ აუცილებელი სტატუსი ენიჭება. ამისთვის კი ეს საკითხი წინასწარ უნდა მოაგვარო.
სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აი, მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შენონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ "ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე მთესველივით ფანტავდა.
|