
მესტია საახალწლოდ შარშანდელთან შედარებით ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ელოდება. მესტიის გამგებლის მტკიცებით, 2012 წლის ზამთრის სეზონზე დამსვენებლები 45%-ით გაიზრდება, რის მიზეზადაც მთელი წლის განმავლობაში ჩატარებული აქტიური პიარ კამპანია სახელდება.
მესტიის ბიუჯეტიდან საახალწლო ღონისძიებების დასაფინანსებლად 15 ათასი ლარია გამოყოფილი. ახალი წლის ღამეს რაიონში იგეგმება კონცერტი, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უკეთებს. მესტიაში მდებარე სასტუმროები საახალწლო შეკვეთების მიღებას დეკემბრის მეორე ნახევარში ვარაუდობენ.
სასტუმრო „მესტიის" ინფორმაციით, ამჟამად 31 დეკემბრისთვის 16 ნომრიდან მხოლოდ ორია დაჯავშნული, თუმცა ირწმუნებიან, რომ საახალწლოდ სასტუმრო სრულად დაიტვირთება. სადღესასწაულოდ „მესტია" დამსვენებელს სიახლეებსა და ფასდაკლებებს არ შესთავაზებს. სასტუმროში ნომრის ფასი ჩვეულებრივად 60 ლარი იქნება. სასტუმრო „სვანეთშიც" აცხადებენ, რომ ამჟამად სასტუმროში ჯავშნები არ არის, თუმცა, საახალწლოდ სრულად შეივსება.
„სვანეთი" დამსვენებელს სადღესასწაულო ფასებს შესთავაზებს და ნომრის ღირებულებას 25%-მდე შეამცირებს. ტურისტს ერთი ღამის გათენება სასტუმროში კვების გათვალისწინებით 60 ლარი დაუჯდება
|