შესვლა

რეგისტრაცია
მთავარი
 
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 
საიტის მენიუ
ნავიგაცია
ამინდის პროგნოზი
შესვლის ფრომა
TOP ავტორები

lasha123
null

სიახლეები:231 

კომენტარები:13

რეპუტაცია:100


RoMA_1
null

სიახლეები:72 

კომენტარები:6

რეპუტაცია:100


ADMIN
null

სიახლეები:53 

კომენტარები:20

რეპუტაცია:100


Temuka
null

სიახლეები:29 

კომენტარები:1

რეპუტაცია:0

რეკლამა
ახალწლამდე დარჩა

ახალ წლამდე დარჩა:



პოპულარული სიახლეები
New Year

ახალი წელი - ვიკიპედია

საახალწლო საჩუქრები ჰოროსკოპის მიხედვით

თოვლის ბაბუები პატარებისათვის

თოვლის ფანტელებო...

გამარჯვებული საიტი
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Online კონტაქტი
საიტის მეგობრები
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 19 » სახალისო ამბავი/შემწვარი ბატი
7:51 PM
სახალისო ამბავი/შემწვარი ბატი

ახალი წლის წინა საღამო იყო. ამ დროს ჩვენთან აწინაურებენ ზოგიერთებს. სამსახურში ერთხმად მოვილაპარაკეთ - ვისაც პირველად დააწინაურებდნენ, ლხინი გადაეხდა, შეეკრიბა თანამშრომლები და შემწვარი ბატით გამასპინძლებოდა. მეგობრები სიამოვნებით მიირთმევდნენ პურ-მარილს და არც მასპინძელს დატოვებდნენ დაულოცავს-დღეგრძელობას და წარმატებას უსურვებდნენ.
მოხდა ისე, რომ დაწინაურება მე მხვდა წილად. მეც ავდექი და ახალშერთულ მეუღლეს მეგობრებთან მიღებული გადაწყვეტილება და სტუმრების მოწვევის ამბავი უმალვე ვაცნობე.
-ქორწილში არ გამასპინძლებიხარ მეგობრებს, - მომიგო მან, - და ახლა მაინც ეცი პატივი. მაგრამ ეს, არის ჭურჭელი და დანა-ჩანგალი არ გვეყოფა, მხოლოდ თორმეტი სულისა გვაქვს. ან ახლავე უნდა შევიძინოთ, ან არადა, სტუმრების რიცხვი ისე შევამციროთ, შენიანად თორმეტი კაცი იყოს.
-ისე მელაპარეკები, - ვუპასუხე მე,-თითქოს თავად არ იცოდე ჩემი ჯიბის ამბავი. სადა მაქვს იმდენი ფული, ახალი ნივთები შევიძინოთ, წვეულებაზე კი ოცდასამ-ოცდაოთხ კაცზე ნაკლები არ გვესტუმრება.
-შენც ადექი და ყველას ნუ დაპატიჟებ,-მითხრა ცოლმა,-მხოლოდ უფროსები მოიწვიე, დანარჩენებს თავი დაანებე, დაე მათ ნერწყვი ყლაპონ...
-კარგი ერთი თუ ქალი ხარ! ამ უბედურებს წელიწადში ერთხელ უწევთ გამასპინძლება და ისიც მოვაკლო? ბატის მოლოდინში კბილები უკაწკაცებთ და წუთებს ითვლიან. მშრალზე რომ დავტოვო, თვალებს ამომკაწრავენ.
ჩვენში დარჩეს და სწორედაც მოიქცევიან. ნუთუ ვერ მოვახერხებთ, ჭურჭელი სხვა საჭირო ნივთებთან ერთად რომელიმე ნაცნობ მეგობრებისგან ან მეზობლებისგან ვითხოვოთ?
-ეგ აზრი თავიდან გამოიბერტყე,-მითხრა გაგულისებულმა ცოლმა,-ასეთი სისულელე გაგონილა? რაც დავქორწინდით, ჩვენთან პირველად მოდიან სტუმრები და ნათხოვარ ნივთებს შინ როგორ შემოვიტან? განა არ იცი, რომ ეს ცუდის ნიშანია?
-ეს ხო ცრურწმენაა!
-არავითარი ცრურწმენა, ნათხოვარ ნივთებს პირველად სახლში ვერ შემოვატან-მეთქი.-მომიჭრა ცოლმა.
-მაშ რა ვქნათ?-ვკითხე მე,-გამოდის, ორ დღეს ზედიზედ მოგვიწევს სტუმრების გამასპინძლება. ერთ დღეს ერთი ნაწილი მოვა და ისიამოვნებს, მეორე დღეს-მეორე.
ცოლმა ჩემი გეგმა მოიწონა და გადაწყდა, ასე მოვქცეულიყავით.
ერთი სიტყვით, დადგა დღესასწაულის დღე, თადარიგი დავიჭირეთ და დარბაზობისთვის თითქმის ყველაფერი მოვაწესრიგეთ. აღთქმული ბატის გარდა, მოვამზადეთ ქერის დიდებული შეჭამანდი, ბატკნის საუცხოო მწვადი, ორნაირი ფლავი ნაირ-ნაირი სიუსითა და სანელებლებით.
ცოლის ნამზითვ, ახალ საწოლში გავიშოტე და სადეყ ჰედაიათის უებრო მოთხრობების კითხვას შევუდექი. მართლაც დიდ სიამოვნებას განვიცდიდი, რომ უეცრად ჩემი მეუღლე შემოვიდა და გამოაცხადა:
-ერთი აწოწილი ახალგაზრდა მოვიდა, მუსტაფა მქვიაო, თქვენი ღვიძლი ბიძაშვილი ვარ და დღესასწაულის მოსალოცად მოვედიო.
მუსტაფა დედაჩემის დეიდის ბიძაშვილის მამიდაშვილი იყო. ასე, ოცდახუთ-ოცდაექვსი წლისა, ღარიბ-ღატაკი, საოცრად უმწეო, გონებაშეზღუდული, გონჯი და ულაზათო კაცი. თმა ფაფარივით ჰქონდა აქოჩრილი. როცა ლაპარაკს დააპირებდა, ჯერ გაწითლდებოდა, მერე გაყვითლდებოდა და თითქოს ყელში სპილენძის ფილთაქვა გაეჩხირაო, პირს დააღებდა და ხიხინს მოჰყვებოდა. კიდევ კარგი, წელიწადში ერთხელ მქონდა შესაძლებლობა მისი ბრწყინვალების მობრძანებით დავტკბარიყავი.
ცოლს ვთხოვე:
-ღვთის გულისათვის, უთხარი, შუა ძილშია-თქო და როგორმე ამ ურქო და უკუდო ეშმაკისგან მიხსენი. ჯანდაბას მაგისი თავი.
-ეგ ჩემი საქმე არ არის,-მომიგო ცოლმა,-რაც ერიო, ის ბერიო. სადაური ნათესავი ეგ არის, ყვავი ჩხიკვის მამიდა! - რაც გინდა ისა ჰქენი. რაში მჭირდება შენი მაწანწალა ნათესავ-ახლობლები, თანაც ამისთანა ყეყეჩი.
ვხედავდი გზა მოჭრილი მქონდა და თან ალაჰიც არ მომიწონებ და ხელი მეკრა ამ უბედურისთვის. ვინ იცის ამ საზეიმო დღეს რამხელა გზა გამოიარა მშიერ-მწყურვალმა და ფეხშიშველმა ორიოდე გროშის საშოვნელად. ჰოდა ვფიქრობდი როდისღა განამტკიცებ ნათესაურ კავშირს, თუ არა ასეთ ბედნიერ დღეს-მეთქი.
ავდექი და სტუმარი ოთახში შემოვიპატიჟე. თავჩაქინდრული შემოვიდა. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა! ეს ვაჟბატონი მთლად ხელიდან წასულიყო. ტანი უარესად დაგრძელებოდა, დრუნჩი გაცილებით საზიზღარი სანახავი გახდომოდა. ხოლო კისერი,-ტურტლიან საყელოდან რომ ამოეყო,-მეტისმეტად ჩამოჰგავდა იმ დედამკვდარი ბატის კისერს, სწორედ იმ დროს ქვაბში რომ იხრაკებოდა. მისთვის რომ გეკითხათ, წვერი გაპარსული ჰქონდა, მაგრამ ხალათის საყელოდან ზუსტად თითის სიგრძე ყვითელ, წითელ, წაბლისფერ ბალანს ამოეყო თავი და დამპალ ხეში ჩაბუდებული მატლებივით ყელ-კისრის ირგვლივ ყელყელაობდნენ. ტანსაცმელზე აღარას ვამბობ, გარდა იმისა, რომ შარვალი ხშირი რეცხვისა და ხმარებისგან თითქმის ერთი მტკაველით დამოკლებოდა, მუხლისთავები კი ისე ჰქონდა გამობერილი, ნამდვილად ვიფიქრე: გზაზე ორი ცალი საზამთრო აუცოცებია და ტოტებში დაუმალავს-მეთქი.
ამიშვიათი და საკვირველი ქმნილების ჭვრეტით რომ ვიყავი გართული, ჩემი ცოლი ელდანაცემივით შემოვარდა და მითხრა:
-ერთი მითხარი, რა წყალს მივცე თავი, ჩემო ყაირათიანო ქმარო? ვთქვათ, ეს ბატი დღევანდელ სტუმრებს მივართვით, ხვალ რომ მოვლენ, იმათ რაღას უპირებ? ყველანი ბატით გამასპინძლებას ელიან, შენ კი მხოლოდ ერთი ბატი მოგიტანია!
ვხადავდი, მეტი გზა არ იყოს ცოლის სიტყვებისთვის ანგარიში უნდა გამეწია, გუნება შემეცვალა და ამოვღერღე:
-ნუთუ არ შეიძლება, ნახევარი ბატი დღეს მივიტანოთ მაგიდაზე, ხოლო მეორე ნახევარი-ხვალ?
ცოლმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა:
-თავი გინდა მოიჭრა? ნახევარი ბატის სუფრაზე მიტანა სად გაგონილა? მაშინ აქვს შნო და ლაზათი, მაგიდაზე მთელსა და ხელუხლებელს რომ მიიტან!
ცოლი ცამდის მართალი იყო, რაღა მეთქმოდა? მივხვდი, რა შავ დღეშიც ვიყავი ჩავარდნილი. ბევრი ფიქრის შემდეგ, აი, რა გადავწყვიტე: ვიდრე გვიან არ იყო, ნემსის ყუნწში უნდა გავმძვრალიყავი და ერთი ბატი კიდევ მეშოვნა. გულში გავივლე: ეს მუსტაფა, მართალია, დიდი რეგვენი და უტვინო ვინმე ბრძანდება, მაგრამ ერთი ბატის გამონახვა ისეთ ვეება ქალაქში, როგორიც თეირანშია, არ უნდა გაუჭირდეს. ბოლოს და ბოლოს რას ვავალებ ისეთს? ხომ არ ვეუბნები, ამერიკა აღმოაჩინე, ან დევგმირ როსტომს კისერი მოუგრიხე-მეთქი; არა, უთუოდ მოახერხებს ბატის შოვნას.
ავდექი და ვუთხარი:
-მუსტაფა, ძვირფასო, ცხადია მიხვდი, რა ამბავიც ტრიალებს. ერთი მიჩვენე, რისი გაკეთება შეგიძლია და რა ვაჟკაცი ბრძანდები. ქვესკნელშიც რომ დაგჭირდეს ჩასვლა, ნამდვილად კარგი ბატი-სულ ერთია რაც ეღირება-უნდა მოგვინახო.
მუსტაფა, ჩვეულებისამებრ, ჯერ გაწითლდა, მერე გაშავდა, ბოლსო ხორხიდან ისეთი ბუყბუყი ამოუშვა, გეგონებოდათ, ყალიონში წყალი ადის და ჩამოდისო. ძლივს გამაგებინა, რისი თქმაც უნდოდა:
-ამ საზეიმო დღეს ბატის შოვნაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ; ამაზე ფიქრიც კი ზედმეტია: მთელ ქალაქში, სანთლით რომ ეძიოთ, ერთ დუქანსაც კი ვერ ნახავთ ღიას.
-მაშ, რა გზას დავადგე?-ვკითხე ღონემიხდილმა.
იმავე ხმითა და იმავე წესით მას რომ სჩვეოდა, მომიგო:
-ღმერთმანი, აბა რა გითხრათ? თქვენი საქმისა თქვენ იცით, მაგრამ აჯობებდა, სტუმრების მოწვევა გადაგედოთ.
-ნეტავი ღმერთს შენთვის ჭკუა მოეცა! ერთი საათის მერე სახლი სტუმრებით აივსება და გადადება რანაირად შეიძლება?
-თავი მოიავადმყოფეთ,-დამარიგა მან,-და მეგობრებს აცნობეთ, თითქოს ექიმმა საწოლიდან წამოდგომა აგიკრძალათ.
-აკი ამ დილით რამდენიმე მათგანს ტელეფონით ვესაუბრე, ახლა როგორღა ვთქვა შეუძლოთ ვარ-მეთქი.
-მაშ, ადექით და თქვით: ბატი, მართალია, ვიყიდე, მაგრამ ძაღლმა თვალსა და ხელს შუა ამაცალა-თქო.
-გეტყობა, არ იცნობ ჩემს მეგობრებს,-სიტყვა მოვუჭერი მე,-ბალღები ხომ არ არიან, თვალები ავუბა: ბატმა ჩაილურის წყალი დალია-მეთქი და მათაც დამიჯერონ. ხომ მეტყვიან-მოგიკვდეს თავი, ნუთუ არ შეგეძლო სხვა ბატი გეყიდაო-და სულს ამომართმევენ-გვიჩვენე ძაღლი, ანგარიშს გავუსწორებთო.
-მაშ, თუ ნებას დაგვრთავთ, ვეტყვით, ბატონი შინ არ გახლავთ, წმინდა მასუმეს საფლავის მოსალოცად წაბრძანდა თქო.
რომ ვნახე, ბევრს მიედ-მოედება, გადავწყვიტე, ლაგამი ამომედო მისთვის და ღვთის ანაბარა დამეგდო.
-მუსტაფა, იცი რა,-დავიწყე მე,-საახალწლო საჩუქარი შენთვის მზადა მაქვს. აიღე ეს ფული და საჩქაროდ მოუსვი. ჩემი ოჯახის სახელით მოკითხვა გადაეცი ბიძაჩემის მეუღლეს და უთხარი: ალაჰმა ინებოს, ეს ახალი წელი თქვენთვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს და მრავალ ახალ წელს ტკბილად და ბედნიერად დასწრებოდეთ-თქო.
მაგრამ, როგორც ეტყობოდა, მუსტაფას ფიქრი და ოცნება სხვა რამეს დასტრიალებდა თავს, ჩემი სიტყვებისთვის ყური არ უგდია, თავისი ფიქრი განაგრძო და მომიგო:
-მოდი, ისეთი ხერხი ვიხმაროთ, დღეს სტუმრებმა ბატს ხელი არ ახლონ; ხვალ კი ბატი ხელახლა შევათბოთ და ისე მივიტანოთ სუფრაზე.
ეს რჩევა თავდაპირველად უაზრო მეჩვენა. მერე ჭკუაში დამიჯდა. კარგად ავწონ-დავწონე, ჩემს დაბინდულ სულში იმედის ნაპერწკალმა გაიელვა. გახარებულმა და ღიმილმორეულმა პირი მუსტაფასკენ ვიბრუნე და ვუთხარი:
-პირველი შემთხვევაა, შენგან რიგიანი სიტყვა რომ მესმის. ოღონდ ჩემის აზრით, ეს ნასკვი შენივე ხელით გაიხსნება. ისეთი ფხა უნდა გამოიჩინო, ძეხორციელმა ბატზე თითის დაკარებაც არ ისურვოს.
მუსტაფა გამოცოცხლდა, თუმცა, ჯერ წესიერად ვერც კი გარკვეულიყო, რას ვისახავდი მიზნად-გამხიარულება აშკარად შეეტყო.
ენა დავიშაქრე და რაც შემეძლო, თავაზიანად ვუთხარი:
-რაღას უდგახარ, რატომ არ დაჯდები? უფრო ახლოს მოიწი, ამ ხავერდის სკამზე ჩამოჯექ, ჩემს გვერდით. მიამბე, როგორ ხარ, რას საქმიანობ? იქნებ გინდა რიგიანი სამუშაო გიშოვნო და ხეირიანი ქალიც გამოგიძებნო? ამ სასუსნავს რად არ გასინჯავ? მიირთვი, შეგარგოს, იეზდიდან ჩამომივიდა საჩუქრად.
მუსტაფამ თავისი აყლაყუდა და მოკუზული ტანი ხავერდგადაკრულ სკამზე მოათავსა და მოულოდნელი ყურადღებისა და სიყვარულის გამოჩენისთვის მოინდომა მისთვის დამახასიათებელი ზლაზვნით მადლობა გადაეხადა. მაგრამ მე არ ვაცალე და ვუთხარი:
-რას ამბობ, ალაჰმა შეგინდოს! სხვა რომ არა, ჩემი უმცროსი ძმა ხარ, დღეს როგორ გაგიშვებ, ჩვენი ძვირფასი სტუმარი უნდა იყო. მთელი ერთი წელია ფეხი ამოიკვეთე ჩვენი ოჯახიდან, ძვირი სანახავი გაგვიხდი. რატომღაც მიივიწყე, რომ ამ ქალაქში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ბიძაშვილად გერგება. თუ ოდნავ მაინც შეგრჩენია ჩვენი სიყვარული, დღეს ერთად ვისადილოთ.
ახლავე დავავალებ ჩემს ცოლს-ერთი ხელი ჩემი საუკეთესო ტანსაცმელი მოგართვას, ჩაიცვამ და მაგიდასთან გვერდით მომიჯდები. მხოლოდ გულის ფიცარზე უნდა დაიწერო: ქერის შეჭამანდის, ბატკნის მწვადის, ბრინჯისა და ხორეშის მერე მაგიდაზე ბატს რომ მოიტანენ, შენ იტყვი:-გემუდარებით, გვაკმარეთ ბიძაჩემო, მუცელში ერთი ბეწო ადგილიც აღარ დაგვრჩენია, ამდენი ჭამა ხეირს არ დაგვაყრის. უძირო ქვევრი ხომ არ არის ჩვენი მუცელი? ნამდვილად აფსუსია, ეს მშვენიერი ბატი ტყუილუბრალოდ დავღუპოთ! პირადად ჩემი და აქ დამსწრე ბატონების სახელით უმორჩილესად გთხოვთ, -კეთილ ინებონ და ეს ბატი უკანვე წაიღონ. მაგრამ თუ თქვენსას არ დაიშლით და დაბეჯითებით შეგვეპატიჟებით, მაშინ შეგვიძლია გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ისევ მოვიყაროთ თავი და გვარიანად მოვილხინოთ, ხოლო დღეს თუ კიდევ ჭამას გვაიძულებთ, ალაჰია მოწამე, აქვე ლოგინად ჩავვარდებით და თქვენივე საპატრონო გავხდებით. ბოლოს და ბოლოს ჩვენი სიკვდილი ხომ არ გინდათ-თქო? იმ დროს ბევრიც რომ შეგეპატიჟოთ, მტკიცე უარზე უნდა იდგე და სტუმრებიც შენს მხარეზე გადაიბირო.
მუსტაფა პირდაღებული და კისერწაგრძელებული უსმენდა ჩემს სიტყვებს. სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაუარა, აქაოდა, მიგიხვდი, რასაც ფიქრობო, ცოტა ხნის შემდეგ თავისი სახმო აპარატი მომართა და მიპასუხა: "კარგი, გასაგებია. არხეინად ბრძანდებოდეთ, ასე მოვიქცევი".
გაკვეთილი რამდენჯერმე გავუმეორე, ვიდრე ზეპირად არ დაისწავლა. როცა დავრწმუნდი, ამდენი ჩიჩინისგან ტვინი კარგად გამოულაყდა, ტანსაცმლის გამოსაცვლელად და გამოსაკოხტავებლად მეორე ოთახში შევგზავნე. მე კი კვლავ მოთხრობების კრებულს "ჩრდილ-ნათელს" მივუბრუნდი.
ორო საათის მერე, დანიშნულ დროს, როცა სტუმრები უკლებლივ შემოუსხდნენ მაგიდას და ცდილობდნენ არ ეღალატათ დევიზისათვის: "ეცი და ჩაყლაპე", მოულოდნელად ახალ ტანსაცმელში გამოწყობილი მუსტაფა მთვრალი ფარშევანგივით შემოფარფატდა ოთახში აბრეშუმის წინდებით, ძვირფასი ჰალსტუკითა და ტყავის გაკრიალებული ფეხსაცმელით დამშვენებული. წვერი გაეპარსა, დაჩვრეტილ-ნაკენკილი სახე პუდრითა და კრემით გაელამაზებინა, თმისთვის ბზინვარება მიეცა, ყურში, ცხვირსა და კისერზე წამოზრდილი ბალანი შეეკრიჭა, სუნამო ეპკურებინა; ერთი სიტყვით, საოცრად მორთულ-მოკაზმული, გეგონებოდათ, ეკრანიდან ცნობილი კინომსახიობი გადმოსულა, რათა თავისი გამოჩენით ჩვენი მეჯლისი შეამკოს და გააპატიოსნოსო. პირდაპირ გასაკვირია, ახმახ ტანზე ჩემი ტანსაცმელი რა მზაკვრობით მოირგო! თითქოს თერძს საგანგებოდ მის ტანზე შეეკეროს!
ბატონმა მუსტაფა-ხანმა სრული სიდარბაისლითა და მოხდენილობით შეასრულა მისალმების საყოველთაოდ ცნობილი ცერემონიალი, მერე კი დინჯად და აუღელვებლად მომიჯდა გვერდით. იგი მეგობრებს წარვუდგინე, როგორც დედაქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო, ღირსეული ჭაბუკი და რაკი დავრწმუნდი, თავის პირობა-მოვალეობას მშვენივრად გაართვა თავი, გული საგულეში ჩამიდგა.
მოწონების ნიშნად სირჩა არყით შევავსე და თავაზიანად მივმართე:
-ბატონო მუსტაფა-ხან, მიირთვით, გეთაყვა, ერთი ჭიქა ისპაანური, მაინცდამაინც მაგარი არ გახლავთ.
მან ბაგეები კოკორივით შეკუმშა და მიპასუხა:
-მართალია, ფრანგულ კონიაკ "ვარსკვლავსა" ვარ შეჩვეული, მაგრამ ახლა რაკი დაბეჯითებით მთხოვთ, უარს ვერ გეტყვით!- თქვა თუ არა არყით სავსე სირჩა სულმოუთქმელად ჩაისხა ხახაში, ჭიქა ხელმეორედ გამომიწოდა და მითხრა:-არაყი ურიგო არ გახლავთ, გემოთი ჩამოჰგავს "ოსობაია ლინიგრადსკაიას", ამას წინათ რუსმა საქმეთა რწმუნებულმა რომ გამომიგზავნა საჩუქრად რემდენიმე ბოთლი. აფსუს, სად იყავით?! მართლაც დიდებული რამ გახლავთ. თუმცა არც ეს ისპაანური ჩამოუვარდება. საკმარისია, ირანელმა წახალისება იგრძნოს, რომ ევროპელს ჯიბეში ჩაისვამს. მოიღეთ მოწყალება და კიდევ ერთი დამისხით!
ეს რა ხათაბალა ავიტეხე! ჯერ შუა ჭამაშიაც არ ვიყავით, რომ არყის ორი მესამედი-სხვა სასმელებთან ერთად, "ღირსეული და საუკეთესო ჭაბუკის" გაუმაძღარმა მუცელმა შთანთქა. ვგონებ საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, რომ სუფრაზე შეუჭმელს არაფერს უშვებდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ღვინის და ქაბაბის წყალობით მუსტაფამ ისე აიწყვიტა თავი, ვეღარ იცნობდით. ყბას ერთი წუთით არ აჩერებდა, ენას იქარგავდა, ხუმრობდა, მახვილსიტყვაობდა, ანეკდოტებს ჰყვებოდა. ერთი სიტყვით, თავის უბადლო ორატორობით სუფრის ერთპიროვნულ მშვენებად მოგვევლინა. არაყი ხომ ყველა ჭირისა და უბედურების წამალია და რა თქმა უნდა, მუსტაფასაც ძალიან უშველა-დაბორკილი ენა აუხსნა და ახლა ისე ყოჩაღად ამოძრავებდა, თითქოს ალის მახვილიაო.
ეს ურცხვი, უტიფარი კაცი, ვისაც იმამ-ზადე დაუდისა და აბდოლ-აზიმის გარდა ფეხი არსად გაედგა, ჩიკაგოში, მანჩესტერში, პარიზში, ევროპისა თუ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში საკუთარ თავგადასავალს ისე გატაცებით ჰყვებოდა, რომ მზად ვიყავი, შემეჩვენებინა საკუთარი თავი, მას რომ აქამდე ანგარიშს არ ვუწევდი.
ყველა სულგანაბული უსმენდა, მან კი ძაღლის ყბა გამოიბა და ენას მოსვენებას არ აძლევდა. ყველაზე საოცარი ის გახლდათ, რომ ერთდროულად ჭამასაც ასწრებდა და საუბარსაც. ნამდვილად იფიქრებდით, ხორხში უთუოდ ორი მილი უდგას, ერთი ლუკმის ჩასაყლაპად, ხოლო მეორე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების წარმოსათქმელადო.
როცა საუბარი ახალწლის დღესასწაულის მეცამეტე დღეს შეეხო, მუსტაფამ საკუთარი ყასიდა წაგვიკითხა და თან დასძინა, ეს ლექსი გუშინ შევთხზეო. ამის გაგონებაზე სტუმრებმა ყიჟინა ატეხეს, გაისმა შეძახილები: "ყოჩაღ, მშვენიერია!" ორმა ფრიად პატივცემულმა ბატონმა, განათლებასა და სწავლულობას რომ იჩემებდა, ზოგიერთი სტრიქონის ორჯერ და სამჯერ გამეორება მოითხოვა, ხოლო ერთი დამსწრეთაგანი, პოეზიის თაყვანისმცემლად რომ ითვლებოდა და პოეტობაზე ოცნებობდა, ისე გამხიარულდა, მასთან მიიჭრა, გადაკოცნა და შესძახა: " აი ღმერთმანი, ჭეშმარიტი ხელოვნება!" თანაც ჰკითხა, რა ფსევდონიმით წერთო.
მუსტაფამ შეურაცხყოფილი ადამიანის იერი მიიღო და განაცხადა:
-პირადად მე ფსევდონიმი ზედმეტად და ჟამგადასულად მიმაჩნია, დროა იგი დავიწყებას მიეცეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ აწ განსვენებული ლიტერატორის-ფაშავარის დაჟინებული თხოვნით, ვინც თქვენს მონა-მორჩილთან კეთილგანწყობილებაში იყო და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში გვერდიდან არ მიშორებდა, ფსევდონიმად სიტყვა "პროფესორი" ავირჩიე. აქვე მინდა დავძინო, რომ არ მიყვარს ამ სიტყვის ხშირ-ხშირად ხმარება.
დამსწრე საზოგადოებამ ერთხმად დაადასტურა, რომ ფსევდონიმი საოცრად ზედგამოჭრილია და ზუსტად შეეფერება ისეთი დიდი ნიჭისა და უნარის პატრონს, როგორიც მუსტაფაა.
ამ დროს ვესტიბიულიდან ტელეფონის ზარი მოისმა. ბატონმა "პროფესორმა" პირი მსახურისკენ იბრუნა და წარმოთქვა: "მეგობარო, ვგონებ, შინაგან საქმეთა მინისტრი მირეკავს: გადაეცით, რომ ამჟამად სუფრასთან ვზივარ და შემდეგში თავად დავურეკავ". სინამდვილეში კი, ცხადი იყო, ვიღაცამ ჩვენთან შეცდომით დარეკა.
ჩემი მზერა რომ შემთხვევით მის თვალებს წასწყდომოდა, მაშინვე შევაწყვეტინებდი ამ უთავბოლო ყბედობას და გონს მოვიყვანდი, მაგრამ მან იცოდა ეს, თვალებს ერთთავად თეფშებზე აცეცებდა და გარე სამყაროს ყურადღებას არ აქცევდა.
ქერის შეჭამანდის, ბატკნის მწვადის, ფლავისა და სხვა სურსათ-სანოვაგის მოთავების შემდეგ სტუმრებმა ქამრები მოუშვეს და შემწვარი ბატის შემოტანისთვის შესაფერი დრო დადგა. ბატის მოლოდინში ჩემს გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა და ალაჰს ვეხვეწებოდი, იგი სტუმრების თავდასხმისგან დაეფარა. ამასობაში თვალი მოვკარი მსახურს, ლანგრით ხელში რომ შემოვიდა. მან მაგიდის შუაგულში ჩადგა მსუქანი, კარგად დაბრაწული ბატი, ჯერ ისევ ერბოში რომ შიშხინებდა და თვალს მიეფარა.
აი აი, ახლა მთელი ჩემი გულისყური მუსტაფასკენ არის მიმართული, ნუთუ ბატის სუნი ისე გააბრუებს, რომ ნებისყოფის სადავე ხელიდან გაუსხლტება?! მაგრამ არა! ალაჰის წყალობით, ჭკუა-გონება ისევ შერჩენია და მის გოგრაზე სამდურავი არ გვეთქმის! მოჰკრა თუ არა ბატს თვალი, სტუმრებს მიუბრუნდა და შესძახა:
-ბატონებო, გთხოვთ დამიდასტუროთ, რომ ჩვენი ძვირფასი მასპინძელი ახლა უკვე კარგს არას გვიქადის. ერთი მითხარით, რაღა დროს ბატია? პირადად მე ყელამდე ვარ სავსე და თავიც რომ მომკვეთოს, რა საუცხოო კერძიც არ უნდა იყოს, ხემსსაც ვერ გავსინჯავ. აბა ვის უნდა აქედან პირდაპირ საავადმყოფოში ამოჰყოს თავი? ადამიანსი კუჭი განა ჭაა, ჩაჰყარო და არ აივსოს?
თქვა თუ არა, მსახური იხმო და დაავალა:
-მოდი ერთი, მეგობარო, ბატონებს სურთ, ეს ბატი საჩქაროდ უკანვე გაიტანო.
სტუმრები უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, არ იცოდნენ რა ეღონათ. ერთი მხრივ, ახლად შემწვარი ბატის სუნმა ყნოსვა გაუღიზიანა და სულაც არ იყვნენ წინააღმდეგი, ერთი ლუკმა მაინც გაესინჯათ, თუნდაც ბატკნის ხორცთან შესადარებლად, მაგრამ მეორე მხრივ, თავგამოდებული მოწოდება ისეთი ცნობილი პიროვნებისა, როგორც ბატონი "პროფესორი" გახლდათ, სტუმრებს ხელ-ფეხს უბორკავდა და მოქმედების საშუალებას არ აძლევდა.
მართალია, ისინი თვალებით ჭამდნენ ბატს, მაგრამ იძულებული იყვნენ დაედასტურებინათ მუსტაფას ნათქვამი და წარმოეთქვათ: "დიახ, რასაკვირველია!" მივხვდი, ჩვენი შეთქმულება ხორცს ისხამდა; გულით მეწადა, მუსტაფასთვის ერთი ასჯერ შემესხა ხოტბა და აქლემის ბაგეზე დავკონებოდი. ისიც ვიფიქრე, ამიერიდან მზრუნველობას არ მოვაკლებ და რიგიან სამუშაოს გამოვუძებნი-მეთქი.
ხოლო სხვების დასანახავად თავი გამოვიდე, გრძელ განიერ საყასბო დანას ხელი წამოვავლე და ბატს თავს დავესხი. თან ისე ვფაფხურობდი, თითქოს მსურდა ეს უმწეო ფრინველი ნაფლეთებად მექცია. ამავე დროს, ზრდილობის გულისთვის, ბატონ "პროფესორს" დაჟინებით ვთხოვდი, პატივი ეცა და ერთი ლუკმა მაინც გაესინჯა, რათა ასე თუ ისე, მზარეულის შრომას ამაოდ არ ჩაევლო და გული არ დაწყვეტოდა.
კიდევ კარგი, ყასაბს ბატისთვის ენა თავთან ერთად მოეკვეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი უტიფარი ორპირობისთვის იმ ენით ხეირს არ დამაყრიდა. მოკლედ, რამდენსაც არ ვეპატიჟებოდი, მუსტაფა მტკიცე უარზე იდგა. ბოლოს და ბოლოს საქმე ისე მოაგვარა, რომ სტუმრებიც დაითანხმა, მათ ერთხმად მოითხოვეს ბატის უკან გაბრუნება. ყველანი სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ, ბატს თითსაც არ დავაკარებთო-ამბობდნენ.
ერთი სიტყვით, საქმეს სასურველი დასასრული უნდა მიეღო, რომ უეცრად პირიდან დამცდა:
-ბატონებო, ბოლოს და ბოლოს, უსამართლობაა, ქვა და გუნდა მიაყაროთ ბატს, რომელსაც მუცელი საუკეთესო ქლიავითა აქვს ავსებული და საუცხოო საზღვარგარეთულ კარაქშია შემწვარი!
ვიდრე ჩემი საზიზღარი ბაგე ამ სიტყვების წარმოთქმას მოასწრებდა, თითქოს უეცრად ზამბარა გაუწყდაო-მუსტაფამ ხელი ანგარიშმიუცემლად გაიწოდა, ბატს ფრთა ააგლიჯა, კბილებში მოიგდო და წარმოთქვა:
-ახლა, რაკი საუკეთესო ქლიავით დაგიჩურთავთ და იშვიათ საზღვარგარეთულ კარაქში შეგიწვავთ, არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს პატივცემული მასპინძლის თხოვნას და მისი ხათრით ერთი ლუკმა არ გავსიჯოთ.
თითქოს ამ სიტყვებს ელოდნენო, დამარჩენებმაც ისარგებლეს შემთხვევით და ბატს დამშეულებივით დააცხრნენ თავს; თვალის დახამხამებაში ჩემი უბედური ბატი ძვლიან-ხორციანად თორმეტმა ულმობელმა ხახამ შეიწირა. ამდენივე კუჭ-ნაწლავმა პირწმინდად შთანთქა ლუკმა-ლუკმად ქცეული ბატი და გადამუშავებას შეუდგა.
სუფრის წევრებმა ბატს ისე მოუთავეს ხელი, გეგონებოდათ, კვერცხიდან არ გამოჩეკილა და საერთოდ არც არსებულა ამქვეყნადო! ნათქვამია, ადამიანი ხორცისმჭამელი ცხოველიაო. მე კი მგონია, ჩემი სტუმრები ძვლისმჭამელებს უფრო ჩამოჰგავდნენ. მერწმუნეთ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს თითოეულს სამარქაფო მუცელი ჰქონდა. აბა ვინ დაიჯერებდა, რომ სწორედ ამ ვაჟბატონებმა, ამავე სუფრაზე დანა-ჩანგლით აღჭურვილებმა, ორი საათის განმავლობაში რომ საშინელი გააფთრებით დაანელეს ერთი ხარვარი ხორცი, უზომო ბოსტნეული და ბოლოს თეფშებიც კი გულმოდგინედ მოლოკეს, ახლა თითქოს აქ არაფერიო, თორმეტივემ თავიდან დაიწყო ჭამა! საკუთარი თვალით შევყურებდი, ჩემი ღაჟღაჟა ბატი-აწ უკვე დაფლეთილი და დანაკუწებული-როგორ გახდა ამ სვავების საბოლოო ნადავლი და თითქოს არც კი არსებულიყო ქვეყნად, მათსავე მუცელში დაიმარხა.
ამ საზარელი სანახაობისგან პირი გამიშრა, სუნთქვა შემეკრა. ნაძალადევი ღიმილისა და პირფერობის გარდა, აღარაფერი შემეძლო.
ახლა ორიოდ სიტყვა ბატონ "პროფესორის" შესახებაც მოისმინეთ. იგი კვლავ განცხრომასა და ნეტარებას ეძლეოდა; როცა ჩემი აბრეშუმის ცხვირსახოცი ჩემივე შარვლის ჯიბიდან ამოიღო, ნაზად და კეკლუცად მოიწმინდა "კოპწია" ტუჩები, თითქოს მოგონებებმა გაიტაცესო, კვლავ სალაპარაკოდ მოიმართა. თურმე ნუ იტყვით ეს ვაჟბატონი ცნობილ, სახელოვან ადამიანებთან ერთად შვეიცარიის ტყეებში გარეულ ტახებზედაც ნადირობდა! შემდეგ კი თავის მიჯნურობაზე იქაურ ღირსეულ, ულამაზეს ასულებთან ისეთი სისულეები მოროშა, რომ შეუძლებელია მათი გადმოცემა. დამსწრე საზოგადოებამ ისე მიიღო ეს ამბავი, თითქოს მუსტაფას პირით ღვთაება ღაღადებდა და მის ყოველ სიტყვას მოწონების შეძახილებით ხვდებოდნენ.
ამ გახურებული პურ-მარილის დროს, როცა ბატის მოსპობა-გაცამტვერების სურათმა ერთხელ კიდევ გამახსენა მერყევი და ორგული ბუნება მუსტაფასნაირი სულმდაბალი, ცბიერი, უტიფარი, ცრუპენტელა და საზიზღარი ხალხისა, კვლავ გაისმა ტელეფონის წკრიალი. გარეთ გავიჭერი, შემდეგ საჩქაროდ შემოვბრუნდი, პირი ბატონ "მონადირისა" და "შეყვარებულთა მკვლელისკენ" ვიბრუნე და ვუთხარი:
-ბატონო მუსტაფა-ხან! თვით შინაგან საქმეთა მინისტრია ტელეფონთან და დაჟინებით ითხოვს პირადად გესაუბროს!
იმანაც ჩემი ნათქვამი დაიჯერა და ნაცვლად იმისა, ოდნავ მაინც შეცბუნებულიყო, უკან დამედევნა. ოთახიდან გავედით თუ არა, კარი მოვიკეტე და მასთან ანგარიშის გასასწორებლად მოვემზადე.
ბატონ "პროფესორს" ისეთი ლაზათიანი სილა გავაწანი, რომ ჩემი ხუთივე თითი სახეზე აღებეჭდა.
-შე ოჯახდაქცეულო,-შევუტიე მე, - არ მოისვენე განა, ვიდრე მუცელი არ ამოიყორე?! რა იყო რომ ბატის დანახვაზე სულ მთლად შეიშალე, სიტყვა გატეხე და საკუთარ მოვალეობას უღალატე? შენისთანა ნაძირალას საუდუმლო გავუმხილე, შენ კი არ დამინდე და პირში ჩალა გამომავლე! ჰა, ესეც შენ!-დავჭყივლე და ისევ სილა გავაწანი.
ისევ იმ ბუყბუყა ხმით, ჩვეული ენის ბორძიკითა და მანერებით, რის ნიშანწყალიც სადილობისას არ ეტყობოდა, ალუღლუღდა:
-ჩემო ძვირფასო ბიძაშვილო, ნუთუ რაიმე დანაშაული მიმიძღვის? იქნებ აღარ გახსოვთ, პირობის დადებისას მხოლოდ და მხოლოდ ბატის შესახებ რომ მესაუბრებოდით? აბა, როდის ახსენეთ, საუცხოო საზღვარგარეთულ კარაქშია შემწვარი და მუცელშიც ქლიავი უწყვიაო. კეთილ ინებეთ და დამეთანხმეთ, თუ მართლაც ჩავიდინე დანაშაული, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი ბრალია და არა ჩემი!
ისე ვიყავი გაბოროტებული, რომ თვალით ვეღარას ვხედავდი. კარი ანგარიშმიუცემლად გამოვაღე და ეს უმადური ახალგაზრდა კაცი დამპალი კომშივით ვისროლე გარეთ. შემდეგ გონს რომ მოვსულიყავი და შინაგანი დუღილი დამეცხრო, ეზოში ბოლთის ცემას მოვყევი. რაღას ვიზამდი, სახეზე ხელოვნური ღიმილი გადავიკარი და სტუმრებთან შევბრუნდი. ყველანი მოხერხებულად მოკალათებულიყვნენ და ახლა ნარდს თამაშობდნენ. მთელი მათი გულისყური "შაშსა და ბეშს" დასტრიალებდა თავსა და სულ იმის ცდაში იყვნენ, მოწინააღმდეგისათვის "კარი ჩაეკეტათ".
- ბატონი მუსტაფა-ხანი,-დავიწყე მე, - დიდ ბოდიშს გიხდით, ვინაიდან იძულებული გახდა სასწრაფოდ წასულიყო, თქვენთან გამომშვიდობება ვეღარ მოახერხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი მანქანა გამოუგზავნა და საჩქაროდ გაიწვია. ამიტომ იყო, თქვენს შეწუხებას მოერიდა.
ნადიმის ყველა მონაწილემ გულწრფელი სინანული გამოთქვა მუსტაფას უეცარი წასვლის გამო და მის საუცხოო თვისებებზე-თავის დაჭერაზე, ზრდილობაზე, განსწავლულობასა და ნიჭიერებაზე დაიწყეს საუბარი. ჩემს სტუმრებს გულით ეწადათ თავიანთ ოჯახშიც მიეწვიათ იგი. მთხოვდნენ, ნუ დაიზარებთ და მუსტაფას ტელეფონის ნომერი და ბინის მისამართი გვასწავლეთო.
მეც, რაღა დაგიმალოთ, ურცხვად და უსინდისოდ წარბს არ ვიხრიდი და ყველას ტყუილ ნომერს ვეუბნებოდი.
მეორე დღეს გამახსენდა, რომ სწორედ წინადღით ჩემი ახალთახალი, საუკეთესო კოსტიუმი, ბატონი "პროფესორი" მუსტაფა-ხანი რომ იყო გამოხვეული, ჩემივე გასახმობი ხელებით გარეთ გავუძახე, მაგრამ მშვილდიდან გატყორცნილ ისარს უკან რაღა დააბრუნებს? ასე და ამგვარად, ერთხელ კიდევ დავრწმუნდი ამ ანდაზის ჭეშმარიტებაში" რაც მოგივა ალიაო, ყველა შენი ბრალიაო" და ჩემს დაწინაურების დღეს ერთი კარგად შევუკურთხე. 
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1672 | დაამატა: ADMIN | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჩვენი ნაძვისხე
http://game-box.ucoz.hu/Skripti_ot_nas/elo4ka1.gif
რეკლამა
საათი
რეკლამა
PERFEKT CLAN
ვიდეო განწყობისათვის
ჩათი
200
მუსიკა
ჩვენი გამოკითხვა
მოგწონთ ჩვენი საიტი?
სულ უპასუხა: 54
სინათლე
რეკლამა
ძებნა
არქივი
სტატისტიკა

DATING SITE Shoutbox casino Willhill casino Casino Neteller
Google-Add.com - Открытый Каталог Сайтов

გილოცავთ შობა-ახალ წელს © 2024